პუტინ-ტრამპის საიდუმლო გეგმა საქართველოს წინააღმდეგ

პუტინ-ტრამპის საიდუმლო გეგმა საქართველოს წინააღმდეგ

ოკუ პანტია

 

როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპი კრემლს მიეხმარება კრასნოდარის მხარის, სტავროპოლის ოლქისა და ტუაფსე-ადლერის ტერიტორიის გაწმენდაში ქართველი ოიკუპანტებისაგან. ასევე, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსგან ოფიციალურად მოითხოვს ტატარისტანისა და უდმურტეთის ავტონომიური რესპუბლიკების აღიარების გაუქმებას. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ ეს ავტონომიები 2008 წლის აგვისტოში დამოუკიდებელ ქვეყნებად სცნო და მათ ტერიტორიაზე, რუსეთთან მოსაზღვრე რაიონებში მავთულხლართების გავლება დაიწყო.

ტრამპი პუტინს კრასნოდარიდან ქართველი ოკუპანტების გაყვანას დაჰპირდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გამართულ არჩევნებს რომ გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ჩვენივე ქვეყანაში გამართულ არჩევნებს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, აშშ- პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობისას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო და თვალშოსაცემი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად ცნობილი მილიარდერი დონალდ ტრამპი გამოცხადდა, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ცოლს, ჰილარი კლინტონს ამერიკის პირველი პრეზიდენტი-ქალის ტიტული ვერა და ვერ ეღირსა.

ამერიკის ახალი პრეზიდენტის ვინაობის გამოცხადება იყო და, საქართველოში ატყდა გლოვა, თავ-პირის ხოკვა და ვაი-ვიში!

აი, ახლა კი დაგვერხაო! აი, ახლა კი დადგა საქართველოს აღსასრულიო! აი, ახლა კი ნამდვილად დასუსტდება და დაჩაჩანაკდება საქართველოო! ახლა დაიწყება მოსკოვის გაძლიერება და აღზევებაო  – მოთქვამენ ქართველ პოლიტიკოსებად და ექსპერტებად წოდებულნი და ისე ნანობენ ჰილარი კლინტონი რომ არ გახდა ამერიკის პრეზიდენტი, გეგონება მას მოსკოვის დაპყრობისა და პირისაგან მიწისა მისი აღგვის აღთქმა ჰქონოდა დადებული…

თუმცა, თავი დავანებოთ იმას, თუ რა ზარალს დამართებდა მოსკოვს ამათი აზრით კლინტონი და რა სარგებელს მოუტანდა მისი პრეზიდენტობა საქართველოს.

ჩვენს ყბაჩამოვარდნილ კორესპონდენტს ის უფრო აინტერსებდა, რა ამისთანა საშინელების მოტანა აქვს განზრახული საქართველოსთვის დონალდ ტრაპმს, რომ მთელი ქართული როგორც „ნაციონალური“, ასევე „მეოცნებე“ პოლიტიკური ისტებლიშმენტი ლამის არის ჭკუიდან გადავიდეს?

ჰოდა, ჩვენს დაჟინებულ კორესპონდენტს რაც აინტერესებს, იმას ყოველთვის იგებს ხოლმე და მან რაღაც მანქანებით კიდეც იგდო ხელთ გეგმა, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს საქართველოს ძალმოსილებისა და ძლიერების დანგრევა აქვთ განზრახული.

ამ გეგმის მიზანია საქართველოს ჰეგემონიის შესუსტება როგორც ამიერ და იმიერ კავკასიაში, ასევე წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც საქართველომ თავისი ძლიერების ზენიტს „ნაცების“ მმართველობის დროს მიაღწია და „ოცნების“ პირობებში ურყევად იუნარჩუნებს პოზიციებს.

როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპი კრემლს მიეხმარება კრასნოდარის მხარის, სტავროპოლის ოლქისა და ტუაფსე-ადლერის ტერიტორიის გაწმენდაში ქართველი ოიკუპანტებისაგან. ასევე, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსგან ოფიციალურად მოითხოვს ტატარისტანისა და უდმურტეთის ავტონომიური რესპუბლიკების აღიარების გაუქმებას. მოგეხსენებათ, ქართულმა მხარემ ეს ავტონომიები 2008 წლის აგვისტოში დამოუკიდებელ ქვეყნებად სცნო და მათ ტერიტორიაზე, რუსეთთან მოსაზღვრე რაიონებში მავთულხლართების გავლება დაიწყო.

აი, ასეთი განზრახვები ამოძრავებს თურმე დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს საქართველოს ძლევამოსილი სახელმწიფოს წინააღმდეგ და აი, ამიტომ არის, რომ ქართველი პატრიოტები ასე ძალიან განიცდიან ტრამპის არჩევას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად.

თუმცა, ქართული სპეცსამსახურები, როგორც ამბობენ, მაინც არ იხევენ უკან და განაგრძობენ ჩუკოტკის დესანტირების ოპერაციის გეგმის შემუშავებას, ასევე განიხილება ხარაგაულიდან კამჩატკაზე გვირაბის გაყვანის ზესაიდუმლო გეგმაც. ეს მსოფლიოში სამხედრო საქმეში უახლესი ნოვაციაა და იგი ითვალისწინებს მტრის ზურგში მიწისქვეშა დესანტის გადაყვანას, რაც, საბოლოოდ, ვოლგა-დონის რაიონის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევას ისახავს მიზნად.

„ჩემთვის გასაგებია, რომ მთელი ეს ამბავი შეიძლება ბოდვად ჩათვალოს მკითხველმა, მაგრამ, აბა, მაშინ თქვენ თავად მითხარით, რა ჯანდაბა და დოზანა უნდა დაუშავოს ისედაც მომსპარ და განადგურებულ საქართველოს დონალდ ტრამპმა ისეთი, რაც ობამას ადმინისტრაციის დროს არ დაგვშავებია, და რომელი ძლევამოსილი და რეგიონის ჰეგემონი ქვეყანა ჩვენა ვართ ასე სასტიკად რომ გვაღელვებს ამერიკის პრეზიდენტი ჰილარი იქნება, დონალდი, ჟოზეფინა თუ ნაბუქოდონოსორიო?!“ – ასეთი უცანური ფრაზით ამთავრებს თავის შეტყობინებას ჩვენი ყბაჩამოვარდნილი კორესპონდენტი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *