ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

პოეზია

ივნ. 01, 2017
1455
A+/A-
საშა გველესიანი - "შენ რომ მაჩუქე"
ავტორი: რეჟ. ირაკლი ყალიჩავა

ყინავს და ,,გოდოს" ველოდები

(სამარცხვინოა...)

შენ რომ მაჩუქე, ე, იმ სვიტერს

ვიცვამ, ყელიანს,

მივდივარ სადაც, არ მელიან,

სადაც ღვინოა

და თუნდაც დამწვან, მაინც ვიტყვი

-- მიწა ბრტყელია..!

ძებნა-ძებნაში, თითებიც კი

მეკარგებიან...

ახლა, ვერ ვხვდები (ვერც -- აქამდე...)

რა გავაკეთო...

თუ გრძნობ, რომ მწარე შიმშილივით

შესარგებია

სიცარიელე, უთავოდ და უერთმანეთოდ...

და ავუჯანყდი, ვის -- არ ვიცი,

არ ვიცი -- რატომ

ვარ პაიკი და სხვა პაიკში

როგორ გამცვალეს,

აღარც ღვინოა, არაყსა ვსვამ,

ვაყოლებ ლატეს,

უფრო შენი ვარ -- გალეშილი

და მობანცალე.

ამ ქუჩის ბოლოს, სახლი როა

ამ სახლს რაღაც სჭირს,

და ბრტყელი მიწაც იქ მთავრდება...

მერე -- რიყეა,

ბასრი სიჩუმით არის სავსე

როგორც, კაპარჭი.

ძარღვებდაშრეტილ ხეებს იცვამს,

ხმელს და ჩიყვიანს...

მეც სასაცილო სახე მრჩება

სახის ძებნიდან,

ჩემია ხელი, ვაწერინე

ტკივილი ამ ხელს,

აღარც კი მახსოვს ჩემი თავი...

გაღვიძებიდან,

მე, ყოველ დილით, ყოველ დილით,

შენ თვალებს ვახელ...

იერს შემიცვლის კიდევ ერთი

ღამის სიფითრე,

სხვა ღამეებსაც ვერ ვიმეტებ,

რომ გადავყარო

და როგორც ღმერთი (ვცოდავ ახლა)

უხმოდ მივითრევ 

უშენობისგან სიკვდილამდე

დაღლილ სამყაროს.

სადაც, ის ნეკნი ამომართვეს

-- ქვა დაეტია,

შენი სახელი დავაწერე

მხოლოდ მრგლოვანით,

ჩემი სხეული გატეხილი

მიწის ბელტია,

და სული ჩემი უწესრიგოდ

ლაჟვარდოვანი...

დამწვით..! -- ვამბობ და ვიმეორებ

-- მიწა ბრტყელია...

ვინც დაბრუნდება, მრგვალიაო

ალბათ იტყვიან,

შენ რომ მაჩუქე, ე, იმ სვიტერს

ვიცვამ, ყელიანს

და შევეჩვევი მოსულ ზამთარს,

ხმელს და ჩიყვიანს.

 




ელენე
06/01 03:33
თავიდან შემიყვარდა ლექსის მოსმენაც და კითხვაც :) <3
მზია
06/01 01:51
ჩემი პოეტი, ჩვენი პოეტი! <3 <3 <3 შენ რომ მაჩუქე, ე, იმ სვიტერს ვიცვამ, ყელიანს...
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა