ბლეფ-ნიუსი
#1 სარეკლამო სივრცე - 300x260

SCREEN SHOW



მოიწონე ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"

ბაკურ სვანიძე
მარ. 20, 2017
1939
A+/A-
ბუკინისტური ნოსტალგია, ანუ დიდი წითელი 5 ლარად, პატარა - 3 ლარად...
ავტორი: ბაკურ სვანიძე

ნამდვილად არ მაქვს ახლა ამ თემაზე მაღალფარდოვან-ლიტერატურულ-ერუდირებულ-ერთგულმკითხველური მსჯელობის ხასიათი. არც რაიმე კომენტარს დავურთავ ამ ჩანახატის ბოლოს...

უბრალოდ, წაიკითხეთ, თუ გსურთ, ეს ჩანახატი და დასკვნაც ისეთი გამოიტანეთ, როგორიც გსურთ...


შესავალი:-

უკვე მერამდენედ აყარეს ბუკინისტები მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.

ამ „ტრადიციას“ საფუძველი „ნაცების“ მთავრობამ დაუდი და როგორც ჩანს, „ოცნებაც“ წარმატებით აგრძელებს ისევე, როგორც სხვა არაერთ „ნაცურ“ ტრადიციას. ბლოგტექსტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, სწორედ იმ დროს არის დაწერილი, როდესაც ბუკინსტებს პირველად დაერია მიშას მთავრობა და მათთვის დედა-ენის ბაღში ერთგვარი „სპეც-ბაზრობაც“ კი მოაწყვეს... შეგახსენებთ იმასაც, რომ მაშინ ცენტრალური საჯარო რეესტრი სოწრედ მეტრო „მარჯანიშვილთან“ მდებარეობდა...

********

გასულ კვირას თბილისის მუნიციპალიტეტმა თუ რომელირაცა სხვა სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც ეს ამბავი ეხება, კიდევ ერთხელ “გაამარიაჟა” დედა-ენის ძეგლთან მოწყობილი წიგნის ბაზრობა.

ყოველ შემთხვევაში, მთავარი “გამმარიაჟებელი” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადშვილი იყო. ის ამბობდა, რომ ეს ბაზრობა, არა მხოლოდ “მოწყობილი”, არამედ “კეთილმოწყობილიცაა”.

იმასაც ამბობენ, რომ ზაალ სამადაშვილი არა მხოლოდ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ მწერალიცაა.

ბევრ რამეს ამბობენ.

ამბობენ ბუკინისტების დედა-ენის ძეგლთან “რეზერვაციის” სასარგებლოდაც და ამის საწინააღმდეგოდაც. სიმართლე ითქვას, სულაც არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება ამ “კეთილმოწყობილ” თაროებს, რომლებზეც წიგნები ელაგა. არც მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მისალოცი კომენტარი ყოფილა ცუდი და არც თავმჯდომარე-მწერლის მოზეიმე განწყობა...

ყველაფერი კარგი იყო...

უბრალოდ, გამახსენდა ჩემი ერთი ძველი ჩანახატი, რომელიც სწორედ ბუკინისტებთან ჩემს ურთიერთობას ეხება. იგი მოიცავს რამდენიმე ეპიზოდს, იმის ამსახველს, თუ როდის, რატომ და რა ვითარებაში შემიძენია ბუკინისტებისაგან ესა თუ ის ფასეული წიგნი დაბალ ფასად.

დავფიქრდი, მივიდოდი თუ არა როდესმე იმ “კეთილმოწყობილ” თაროებთან მე ამ წიგნების შესაძენად სპეციალურად და თავმჯდომარე-მწერალს რომ ამ თაროების “კეთილმოწყობა” რამდენიმე წლის წინათ ეზეიმა, მოხვდებოდა თუ ვერა ეს წიგნები ჩემს “კეთილმოუწყობელ” წიგნის თაროებზე?

ნამდვილად არ მაქვს ახლა ამ თემაზე მაღალფარდოვან-ლიტერატურულ-ერუდირებულ-ერთგულმკითხველური მსჯელობის ხასიათი. არც რაიმე კომენტარს დავურთავ ამ ჩანახატის ბოლოს...

უბრალოდ, წაიკითხეთ, თუ გსურთ, ეს ჩანახატი და დასკვნაც ისეთი გამოიტანეთ, როგორიც გსურთ...

********

გამოვდივარ.

ძლივს გავატარე რეგისტრაციაში ის ჩემი საცოდავი ერთოთახიანი ბინა.

ახლა ერთოთახიანი ბინის მესაკუთრე ვარ.

მიხარია.

იქვე, საჯარო რეესტრთან, ვიღაც არც ისე სუფთად ჩაცმული ტიპი, ძველ, არც ისე სუფთად შენახულ წიგნებს ყიდის.

ვხედავ სათაურს ,,ჭაბუკები დარჩნენ მარად,,

უფრო მიხარია

ეს წიგნი ადრე ვიღაცას ვათხოვე და დამიკარგა.

,,ვიღაცას,, მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ წიგნებს რომ მიკარგავენ, ისეთ ადამიანებზე წარმოდგენას ვკარგავ და მათი სახელ-გვარი მავიწყდება...

კიდევ უფრო მიხარია, რომ ,,ჭაბუკები დარჩნენ მარად,, ამ არასუფთად ჩაცმულ ტიპს ორნაირი გამოცემა უდევს – წითელი, დიდი, პრიალა ყდით და პატარა, ნაცრისფერი, მუყაოს ყდით.

- რა ღირს?

- დიდი წითელი 5 ლარად, პატარა - 3 ლარად

ბოლო 20 ლარიდან 16 ლარი რეესტრმა ამახია საბუთის რეგისტრირებაში...

ანუ ,,დიდს,, ვერ შევწვდები...

მახსენდება, ასე 15 წლის წინათ, თბილი წინდებისთვის ფული გადავდე, როგორც იქნა, ყინვიან ზამთარში. ვარკეთილის ბაზრობასთან ციგნები თბილ, ნაქსოვ წინდებს ყიდდნენ ხოლმე 3 ლარად. ჩავედი. წინდებს ვარჩევ.

მოდის მოხუცი ხელში წიგნებით. ვხედავ ,,ილფი და პეტროვი – 12 სკამი,,

- რა ღირს?

- 3 ლარად მოგცემ შვილო...

ვფიქრობ – უკვე იანვრის ბოლოა, რაც აქამდე გავიყინე, ბარემ მარტიც მოვა. ექიმმა კი მითხრა შენი მწვავე ბრონხიტის გამომწვევი ძირითადად უბათინკო და უწინდებო ფეხებიაო, მაგრამ ბარემ მარტი მოვა და...

აი, ის ,,12 სკამიც,, დამიკარგა მერე ვიღაცამ.

არ არის იმის დამკარგავი ,,ვიღაცა,,?

აბა, ვინ არის?

ჰოდა, ახლა ამ ,,დიდს,,  ვერ ვწვდები.

მაინც გადავფურცლე და დავდე.

ავიღე პატარა. სატიტულო გვერდს ვუყურებ. ვიღიმი.

- ეს ღირს 3 ლარი და ის 5 ხო?

- ხო!

- არადა, ეს უფრო ძვირად უნდა გაყიდო წესით!

გაოცებული მიყურებს.

- მოიცა, ჯერ 3 ლარს მოგცემ და მერე გეტყვი რატო. აჰა, შენ სამი ლარი. ხო ჩემია უკვე ეს წიგნი?

- კი, ძმაო!

სატიტულო ფურცელზე ვახედებ. იქ გაცვეთილი მელნით, ხელნაწერად წერია:

,,მურმან ქოიავას. სიყვარულით. ნიკა აგიაშვილი. 20.04.62. თბილისი,,

თვალებში მიყურებს.

ვტრიალდები. დარჩენილი 1 ლარით ღვეზელს შევჭამ სულს მოვითქვამ, თორე მთელი დღე იმ ბინის საქმეზე ვირბინე.

კიდევ უფრო მიხარია.

მომაქვს პატარა და ძველი გამოცემა ,,ჭაბუკები დარჩნენ მარად,,

უკან ვიხედები.

ის არასუფთად ჩაცმული კაცი გაოცებით შლის ხელებს. მხრებს იჩეჩავს. მერე იღებს ,,ჭაბუკების,, დიდ, წითელ გამოცემას და უაზროდ აშტერდება სატიტულო ფურცელს...

ვიღიმი და ღვეზელის გამყიდველს ვუახლოვდები...




ირაკლი
03/20 16:36
ეგ წიგნიც არ ათხოვო ბაკურ "ვიღაცას", არ დაგიკარგონ )
თინიკო ლობჟანიძე-გალაგერი
03/20 16:20
გულით ვაფასებ ადამიანს,ვინც წიგნის ფასი იცის :) დუმბაძისა არ იყოს-''მის სახლში რომ შეხვალთ,ჯერ წიგნი დაგეცემა თავზე,მერე აგური''-ო . აგურისა რა მოგახსენო,მაგრამ ჩემს სახლში დიდი შანსია,წიგნი დაეცეს კაცს შესვლისას :D
მანახე მეტი
დაამატე კომენტარი
გაგზავნა
SCREEN-NEWS

ექსპრეს კარიკატურა

XX საუკუნე
რეტრო იუმორი

ნახატი ანეკდოტი

გალერეა